logo
ENG



კობახიძე ნამახვანჰესის პროტესტზე: თუ დაფინანსებაზე არ იტყვიან, ეს ჩვენი ვალია

25 მაი 202122:37
3 წუთის საკითხავი
clock 1224
კობახიძე ნამახვანჰესის პროტესტზე: თუ დაფინანსებაზე არ იტყვიან, ეს ჩვენი ვალია

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუკი რიონის ხეობის მცველები საზოგადოებას დაფინანსებაზე ინფორმაციას არ მიაწვდიან, ეს "მათი ვალია". მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ფინანსებთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით, ამ კითხვას ალბათ, მოგვიანებით უნდა გაეცეს პასუხი. როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის უკან სერიოზული, როგორც კომერციული ინტერესები, ასევე პოლიტიკური ინტერესები არის. თუმცა, ამ ყველაფერს ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, ასეთი ტიპის პროტესტია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მათ შორის, ფინანსებთან დაკავშირებით. თუ ისინი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან საზოგადოებას, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

დღეს, 25 მაისის აქციაზე რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მზადაა საზოგადოებას გააცნოს მათი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია. მანვე თქვა, რომ მათ მოძრაობას ემიგრანტები უჭერენ მხარს და სწორედ მათგან აქვთ ფინანსები. 

გოლეთიანის თქმით, ხვალ, 26 მაისს პროტესტის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და ჰესის მშენებლობაში კომპანი "ენკას" ადგილზე შეუშლიან ხელს. ამით, თბილისში მათი 4-დღიანი საპროტესტო აქციები დასრულდება. 

დღეს მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას. 

დოკუმენტი, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა და რომელსაც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მოქმედი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის ხელმოწერა აქვს, 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს. 

ეკონომიკის სამინისტროს დასკვნა ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს.

 


close დახურვა