ირაკლი კობახიძემ პარლამენტში კიდევ ერთხელ ახსენა IREX-ის გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრი და არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი, პიტერ აკერმანი, რომელიც 2022 წლის 29 აპრილს გარდაიცვალა, მანამდე კი, იმავე თვის დასაწყისში, საქართველოში ჩამოვიდა და ბაკურიანში ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
"ამ კრიმინალურ ძალასთან არის დაკავშირებული რისკები და ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ნებისმიერი მათი ნაბიჯის მიმართ ჩვენ უნდა გვქონდეს სათანადო დამოკიდებულება. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ვის შევჩივლოთ, აკერმანი მკვდარია, თქვენი ტრენერი". - თქვა კობახიძემ სიცილით.
აკერმანის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ ამერიკიდან "ჩამოყვანილი" 'რევოლუციონერი" პიტერ აკერმანი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს "ხელისუფლების გადატრიალებაში" ავარჯიშებდა.