logo
ENG



კობახიძე ოცნების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემების შესახებ მასალას აბსურდულს უწოდებს

22 ივლ 202200:52
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ოცნების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემების შესახებ მასალას აბსურდულს უწოდებს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც ქართული ოცნების მხრიდან საარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემებია აღწერილი, აბსურდს უწოდებს. ამის შესახებ კობახიძემ იმედის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ეს გაუგებარი, აბსურდული მასალებია და არჩევნები „სათანადოდ და სწორად ტარდება“.

„ეს მასალები, რაც ახლა გამოქვეყნდა, ზუსტად ანალოგიური მასალები გამოქვეყნდა ერთი თუ ორი წლის წინ. სრული აბსურდი, არაფერი, ასეთ დოკუმენტებს შევქმნით ხვალვე და ნებისმიერ ტელევიზიაში შეგვიძლია დავატრიალოთ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი

ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ არჩევნები ტარდება სათანადოდ და სწორედ იმიტომ, რომ არჩევნები სათანადოდ ტარდება, ვერ ახერხებენ ვერავითარი მტკიცებულების წარმოდგენას გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს არის რეალობა და დანარჩენი არის სპეკულაციებია და ატრიალებენ, ერთი და იგივე გაუგებარ შედგენილ დოკუმენტებს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

***

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ მასალები დღეს გამოაქვეყნეს

სამართლიანი არჩევნებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების, საარჩევნო და პარტიული მიზნებით გამოყენება.

დოკუმენტის პირველ ნაწილში აღწერილია მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა. 

ორგანიზაციების ცნობით, ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით.

დოკუმენტის მიხედვით არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა.

როგორც NGO-ები წერენ, მასალებიდან გამოიკვეთა, რომ მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მასალის მეორე ნაწილში საუბარია საჯარო სამსახურების პოლიტიზებაზე.

გოგაშვილის მიერ ორგანიზაციებისთვის მიწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნება და სუს-ი ერთად ქმნიდნენ საჯარო სკოლის დირექტორების პოლიტიკურ დოსიეებს და საკადრო პოლიტიკის გატარებისას დოსიეებში მოცემულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ.

დოკუმენტის ამავე ნაწილში საუბარია სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა პოლიტიკური ლოიალობის, განწყობებისა და მიკუთვნებულობის შესახებ დოსიეების შექმნისა და მათი კონტროლის ფაქტებზე.

დოკუმენტის ბოლო, მესამე ნაწილში სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლების საარჩევნოდ მობილიზების გზებია აღწერილი.


close დახურვა