logo
ENG



კობახიძე პარტიების დაფინანსებაზე პროექტს ეუთოს უგზავნის, განხილვას იანვრამდე აჩერებს

23 დეკ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძე ერთპარტიული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა და ენმ-სთვის რეგისტრაციის გაუქმებაზე კანონპროექტი ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას გაუგზავნონ და განხილვები მხოლოდ ამის შემდეგ განაახლონ. 

კობახიძის თქმით, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა სწორედ მას შემდეგ გაიმართება, რაც ამ ინსტიტუტების პოზიცია გახდება ცნობილი. 

„მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად ასევე პოლიტიკურად ყველაფერი არის აბსოლუტურად გამართული და მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც ბოლომდე წელშია გამართული, იმისათვის, რომ არავის დარჩეს საბაბიც კი რაიმეზე საუბრის, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სამართლებრივი კუთხით, მე გთავაზობთ შემდეგს, დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი ან გნებავთ ვენეციის კომისიაში ან გნებავთ - ოდირში. დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, ანუ შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე, დაველოდოთ ვენეციის კომისიიის ან ეუთო/ოდირის ან ორივეს პოზიციას და ამის შემდეგ განვაახლოთ კანონპროექტების განხილვა მეორე მოსმენით.

ზუსტად იგივე ინიციატივა ჩვენ შეგვიძლია გავაჟღეროთ მეორე კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც წინა კვირაში დაინიცირდა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არის არამოქალაქე ან არ აკმაყოფილებს რომელიმე საკონსტიტუციო ცენზს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ შესაბამისი კანონპროექტი ვენეციის კომისიაში ან ოდირში ან ორივე ამ ინსტიტუციაში, დაველოდოთ მათ პასუხს და სადღაც იანვრის ბოლოს განვაახლოთ ამ კანონპროექტების განხილვა". - თქვა მან. 

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 17 დეკემბერს თქვა, რომ პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული. კობახიძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან. 

ოპოზიციას რამდენიმე მოთხოვნა აქვს: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. 

სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო. 


close დახურვა