ირაკლი კობახიძე ვლადიმირ პუტინის საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციის და საქართველოს მიმართ საფრთხეების შეფასების დროს კვლავ ენმ-ზე ლაპარაკობს და აკრიტიკებს არა რუსეთს, არამედ საქართველოს წინა ხელისუფლებას.
პუტინის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება თანამშრომლობის გაღრმავება დსთ-ს ქვეყნებთან და ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთი, ცხინვალი, დონეცკი და ლუგანსკი. კონცეფციაში ნათქვამია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.
რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში შეჭრის გარდა, მეზობელ სახელმწიფოებზე თავდასხმისთვის საბაბად სწორედ რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის აუცილებლობას იყენებს.
თუმცა, ირაკლი კობახიძე ამბობს:
"პირველი კატასტროფული კამპანია ნაცმოძრაობამ წამოიწყო მარტის თვეში. მარტიდან გავიდა ნახევარ წელიწადზე მეტი და არაფერი მომხდარა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები აქ სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნებაზე და არც შემდეგი ეტაპის განმავლობაში არ მოხდება არაფერი. იმის წარმოჩენა, რომ საქართველოში მყოფი რამდენიმე ათეული ათასი ტურისტი არის კატასტროფა, არის თითიდან გამოწოვილი პიარი".
გარდა ამისა, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მავთულხლართების გავლებისა, ტერიტორიების ათეულობით ჰექტარის ეტაპობრივად მიტაცებისა და ადამიანების პერმანენტულად გატაცებისა, კობახიძე ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში რუსეთს საქართველოში არ ჰქონია ტერიტორიული პროგრესი.
"ათი წელია, ვართ ხელისუფლებაში და ვართ პირველი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც არ ყოფილა არც ერთი ომი და რუსეთს არ ქონია ტერიტორიული პროგრესი. პირველი ხელისუფლება ვართ. და რაღაცებს რო გვასწავლით, რომ რაღაცები უნდა წავიკითხოთ, თქვენი ხელისუფლების დროს რა ხდებოდა, ხომ გახსოვთ - ტერიტორიების 20% ჩააბარეთ". - ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.