მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთის არსებული რეჟიმის ტერორისტულად აღიარებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას დაელოდებიან. მისი თქმით, როდესაც სახელმწიფოს პოზიცია ექნება, ის შესაბამის დოკუმენტში აისახება.
"ჯერჯერობით, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს, ასეთ პირობებში, ჩვენი მხრიდან ამ საკითხის ინიცირება არ იქნება სწორი. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ვნახოთ, იმის მერე შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა. თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯერჯერობით, ამ თემაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია", - თქვა კობახიძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის არსებული რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას და უკრაინის იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს.
საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას სახელით "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მორიგი ესკალაცია", 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ასამბლეამ ასევე მხარი დაუჭირა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მომდევნო აგრესიის" შესახებ რეზოლუციის მე-7 პუნქტში ცვლილებების შეტანას, რითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ კარამურზას საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი.
ამ პუნქტში საუბარია რუსეთის ფედერაციაში მზარდ რეპრესიებზე, რის ფარგლებშიც რუსეთის ხელისუფლება ებრძვის ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს და რისი მიზანიც საზოგადოებაში შიშის დათესვაა.
მე-4 შესწორების მიხედვით კი ამ პუნქტს დაემატა წინადადება:
„ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვლადიმერ კარამურზა. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს სხვა პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლებისკენ (მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის“).
საბოლოოდ კენჭისყრით 56 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე რეზოლუციაში შესაბამისი შესწორება შევიდა.