ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ორ კანდიდატურაზე ოპოზიციას კონსულტაციებს სთავაზობს. პარლამენტის სესიის სხდომაზე კობახიძემ დღეს მათ შესთავაზა, რომ ე.წ. ფორმალური კენჭისყრა ჩაატარონ.
"ჩვენ დაგვჭირდება კონსულტაციები იმ ოთხი კანდიდატის გარშემო, რომელიც არის დარჩენილი. ახლა არის მეორე ტური, შემდეგ ორ კვირაში გაიმართება მესამე ტური , სადაც ასევე კენჭი ეყრებათ კანდიდატებს, რომლებიც არიან წარმოდგენილნი. ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, რომ დავიტოვოთ დრო კონსულტაციებისთვის, მანამდე გავიაროთ კონსულტაციები ამ ოთხი კანდიდატის გარშემო. დღეს ჩავატაროთ ერთგვარი ფორმალური კენჭისყრა. უმრავლესობის წევრების მიმართ ჩემი მოწოდება იქნება, რომ მხარი არ დაუჭიროთ არც ერთ კანდიდატს, ეს არის ფორმალური ჟესტი, დავიტოვოთ სივრცე იმისათვის რომ გაიმართოს კონსულტაციები", - თქვა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ ოპოზიციის წევრები კოლეგების მიმართ "ბულინგსა და შანტაჟში" დაადანაშაულა.
17 მაისს, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 3 ახალი წევრი აირჩიეს - ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). ამის შემდეგ ოპოზიციამ დარბაზი დატოვა და კენჭისყრა შეწყდა.
კანდიდატების მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი. იმავე დღეს ჩხეიძეებმა და მაჭუტაძემ ენმ-ს ფრაქცია დატოვეს.
ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.