logo
ENG



კობახიძე სამაჯურის მოხსნაზე: მელიას დაკავება პოლიტიკურად არასწორი იქნება

01 ნოე 202021:11
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე სამაჯურის მოხსნაზე: მელიას დაკავება პოლიტიკურად არასწორი იქნება

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას მიერ აქციაზე ელექტრონული სამაჯურის მოხსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მელიას დაკავება პოლიტიკურად არასწორი იქნება.

კობახიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ მელია სამართლებრივი ზომების გარეშე უნდა დაამარცხოს.

"ეს არის უხეში კანონდარღვევა და კანონდარღვევასთან ერთად კიდევ უფრო მძიმეა, რომ ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია. როდესაც ამ ასაკის კაცი მუდმივად გამოირჩევა პროვოკაციებით, ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს მასზე და მის თვისებებზე. ამაზე მე არ გაგცემთ პასუხს, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. თუმცა, პოლიტიკურად მე ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება სწორი. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე. ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად, ეს არის უკვე სხვა საქმე", - განაცხადა კობახიძემ.

ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. 

ენმ-ის გლდანის მაჟორიტარობის დეპუტატი ამბობს, რომ არ აპირებს მის ტარებას, ვინაიდან ეს უსამართლობის სიმბოლოა. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუმაგრეს. მელიას დაპატიმრებას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ითხოვდა. ბრალდების მხარე მას ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფასების შემდეგ საქალაქო სასამართლომ მას 7 წლის წინ აღძრულ "ქართული ბანკის გაკოტრების საქმეზე" გამოუტანა განაჩენი. ამ საქმეს პროკურატურა წლების განმავლობაში იძიებდა. სასამართლომ მას 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ქართულმა ოცნებამ მას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა.

 


close დახურვა