logo
ENG



კობახიძე სუს-ის დოკუმენტებზე: ნ.გ-ს ზღაპრებზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს, ფანტაზიის ნაყოფია

02 აგვ 202114:09
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ დოკუმენტებს, რომელშიც საუბარია სუს-ის ანგარიშებზე, ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს და ამბობს, რომ "ზღაპრებზე და ფანტაზიებზე" კომენტარს ვერ გააკეთებს.

".-ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ კომენტარს. არის რაღაც ტექსტები, რომელიც მოვისმინეთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ეს არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი. როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როცა ისინი უსმენდნენ ტოტალურად. მშვენიერაძე და გვარამია ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, აქედან გამომდინარე, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა და ეს ბუნებრივია, არ ჭრის ქართულ საზოგადოებაში", - ამბობს კობახიძე.

***

1-ელ აგვისტოს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის საჯარო პირების მიყურადების გზით მათზე ანგარიშებს ამზადებდა.

ძირითადად საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.

გვარამიამ ეთერში წაიკითხა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია.

მასში მოთხობილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ. ჩანაწერებს შორისაა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბარიც.

ერთ-ერთი საუბარი დაადასტურა GDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ. გვარამიას თქმით, დოკუმენტში წერია, რომ 2020 წლის 15 ივნისს საუბარი შედგა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანსა და EMC-ის წარმომადგენელ გურო იმნაძეს შორის, საუბარი შეეხო EMC-ის დირექტორის თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას, ამის შემდეგ ონიანი GDI-ის მაშინდელ დირექტორ გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.

გარდა ამისა, TI-ს დირექტორმა ეკა გიგაურმა Facebook-ზე დაპოსტა, რომ ჩანაწერებში NGO-ების წარმომადგენლები თამთა მიქელაძის სუს-ში დაბარების საკითხზე საერთო განცხადების გავრცელებაზე საუბრობდნენ.

გვარამია კონკრეტულ ადამიანებზე გაკეთებული ჩანაწერების შინაარს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა და ზოგიერთ პირს, იდენტიფიცირების თავიდან ასარიდებლად, ინიციალებით მოიხსენიებდა.

მისი თქმით, ამ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.

ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ამაზე "რა თქმა უნდა, კომენტარის გაკეთება არ იგეგმება".

 

close დახურვა