ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის "სპეცოპერაციაში" პირდაპირ იყო ჩართული. მისი მტკიცებით, ახლა მათი განცხადებები მიუთითებს, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობენ.
"ლორთქიფანიძე პირდაპირ არის მტკიცებულება იმის, რომ უმაღლეს დონეზე იყო ჩართული ხელისუფლება. ეს აღიარებითი ჩვენება ქართულ საზოგადოებას მისცა ჯანაშიამ, რომელიც არის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი დეპუტატი, პირდაპირ თქვა, რომ ლორთქიფანიძემ ჩამოიყვანა. პირდაპირ იყო ჩართული უკრაინის ხელისუფლება ამ ყველაფერში.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ, ხელი შეუწყვეს მის ჩამოსვლას, წაახალისეს, უზრუნველყვეს საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა და ახლა აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა ამ ადამიანის მიმართ, ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ზელენსკის განცხადებაც არ არის გასაკვირი", - განაცხადა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი სააკაშვილის ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში დაიწყო, კობახიძე აცხადებს, რომ ამის მიზანი, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იყო. მისი თქმით, ომის დაწყებასთან დაკავშირებით პროგნოზები თებერვლამდე არსებობდა.
"პროგნოზები არსებობდა წინასწარ იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყებოდა. მე თავად მისაუბრია ჩემს უკრაინელ კოლეგებთან, სხვებთანაც. პროგნოზი კეთდებოდა წინასწარ, რამდენიმე თვით და ბევრად უფრო ადრე. თვეების დონეზეც იყო გათვლილი, როდის დაიწყებოდა ომი უკრაინაში. პირდაპირ ასახელებდნენ კონკრეტულ თვეებს. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ოქტომბერში ჩამოვიდა თუ სექტემბერში, არაფერს ცვლის. მაშინაც და ბევრად უფრო ადრეც კეთდებოდა პროგნოზები", - თქვა კობახიძემ.
ხვალ 11:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია, ჩართავენ თუ არა ექსპრეზიდენტს დისტანციურად. წინა პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, მესამე პრეზიდენტს ჩართვის უფლება არ მისცეს.
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.
14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა".