logo
ENG



კობახიძე უკრაინის სანქციებზე: ემოციებს არ ავყვებოდი და ცალმხრივ მეგობრობას შევინარჩუნებდი

20 ოქტ 202218:46
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე უკრაინის სანქციებზე: ემოციებს არ ავყვებოდი და ცალმხრივ მეგობრობას შევინარჩუნებდი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის "ემოციებს არ აყვებოდა" და უკრაინასთან "ცალმხრივ მეგობრობას" შეინარჩუნებდა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების გამო იქნება თუ არა საპასუხო ნაბიჯები.

კობახიძე ამბობს, რომ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა, თუმცა თავად "არ იჩქარებდა".

"ზოგადად, ბუნებრივია, ასეთ ნაბიჯებს სჭირდება რეაგირება, მაგრამ რა ტიპის უნდა იყოს ეს რეაგირება, მე არ ვიცი. ეს არის უპირატესად აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანა, რომ ასეთ საკითხებზე იმსჯელოს, ეს არის მთავრობა, პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ კონსულტაციებისთვის მზად ვართ.

მე არ ვიჩქარებდი, მე მაინც დავრჩებოდი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან, ეს ერთი, მეორე - ეს ხალხი და ეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ არის ომი უკრაინაში აქედან გამომდინარე, მე ემოციებს არ ავყვებოდი და ცალმხრივ მეგობრობას შევინარჩუნებდი, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებასთან. ეს იქნებოდა ჩემი პოზიცია, თუმცა დიპლომატიური რეაგირება როგორი იქნება, ეს არის არსებითად სწორედ დიპლომატიური უწყების - მთავრობის, პრემიერის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა", - თქვა კობახიძემ.

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა, რომელიც 12 ოქტომბრით არის დათარიღებული და ძალაში დღეიდან შევიდა. შავ სიაში შესაყვან პირთა სია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოამზადა. 

ე.წ. შავ სიაში არიან: ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული. ასევე, ივანიშვილის დეიადშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად. უჩა მამაცაშვილი რუსულ ბიზნესებთან არის კავშირში. 

საერთო ჯამში, სანქციები შეეხო 3 800 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. დასანქცირებულ პირთა შორის არიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პაველ ლებედევი, ასევე ოლიგარქები სერგეი კურჩენკო და ოლეგ დერიპასკა.

სანქციები ითვალისწინებს სიაში მოხვედრილი პირების აქტივების გაყინვას, ანუ ისინი დროებით ვერ შეძლებენ საკუთარი ქონების გამოყენებასა და განკარგვას, ასევე იმ ქონების განკარგვასაც, რომელსაც ისინი ირიბად ფლობენ. 

სანქციების თანახმად, ხსენებულ პირებს ეკრძალებათ არსებული კაპიტალის უკრაინის საზღვრებს გარეთ გატანა, მიწის ნაკვეთების შეძენა, ქონების გადაცემა/გასხვისება, სავაჭრო ოპერაციების შესრულება, რესურსების ტრანზიტი. სულ სანქციები 13 პუნქტისგან შედგება და მათი მოქმედების ვადა 10 წლით არის განსაზღვრული. 


close დახურვა