logo
ENG



კობახიძე შოვზე: დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტის გადარჩენა შეუძლებელი იყო

14 აგვ 202311:19
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შოვში დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა "შეუძლებელი იყო". ამის შესახებ მან დღეს პარტიაში გამართული ბრიფინგის შემდეგ ისაუბრა.

"თვითონ ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებულ იქნა მყისიერად და მე შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის ადამიანების იდენტიფიცირების საშუალება კონკრეტულ ლოკაციებზე და ასევე, ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება. რაც თავიდანვე იქნა გამოყენებული და ამას განმარტავდა შინაგან საქმეა მინისტრი.

არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს ადგილზე ეს ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა აბსოლუტურად დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი - ერთი მარტივი მიზეზის გამო: იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით, აქედან გამომდინარე, ვინც სამწუხაროდ მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი", - განაცხადა მან.

გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ შოვში სტიქიის ღამით ვერტმფრენებით შესვლის საჭიროება არ იყო.
მისი განცხადებით, შსს-ს აქვს ღამით ფრენის საშუალებები, თუმცა ვერტმფრენისთვის მთა-გორიან რელიეფზე ღამით ფრენა სარისკოა და მხოლოდ მაშინაა გონივრული ასე გარისკვა, თუ ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

***

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 9 ადამიანი კვლავ იძებნება.


close დახურვა