logo
ENG



კობახიძე შოვში სტიქიაზე: არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა

05 აგვ 202313:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/05/7bzg0mmcdry3r8v.png

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შოვში სტიქიასთან დაკავშირებით "დასკვნების გამოტანა" არ უნდა იჩქარონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა, ახლა არის, გასაგებია, ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა ყველაფერი გაირკვევა საბოლოო ჯამში. ამიტომ, სასურველია, არავინ არ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით.

თქვენ იცით, რომ სამაშველო სამუშაოები არ გაჩერებულა, საუბარი იყო ერთადერთი ვერტმფრენთან დაკავშირებით, თუმცა ამასთან დაკავშირებით, მე როგორც ვიცი, არსებობს სათანადო პასუხი, რომ მხოლოდ ღამის ხედვაში არ იყო აქ საქმე, რელიეფის, პირობების გათვალისწინებით ვერტმფრენებს გაუჭირდებოდათ ამ პირობებში სამუშაოების გაგრძელება ღამის განმავლობაში. თუმცა აქაც არ იქნება სწორი, რომ მე შევიდე ამ დეტალებში, არიან სამაშველო უწყებები, მაშველები, მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მოწოდება ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.


close დახურვა