logo
ENG



კობახიძე ცვლილებებზე: ბევრი რამ იქნება კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზე დამოკიდებული

01 დეკ 202122:29
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ცვლილებებზე: ბევრი რამ იქნება კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზე დამოკიდებული

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბევრი რამ "კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზე" იქნება დამოკიდებული. რუსთავი 2-ის ეთერში მან განაცხადა, რომ პირველ რიგში იგულისხმებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც "პოლარიზაციას უწყობენ ხელს".

მმართველი პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ცვლილებების მხრივ "გადაგდებაზე" საუბარი არაა, რადგან ეს დაპირება არ ყოფილა, ხოლო შეთანხმება, რომელიც ამ ცვლილებებს ითვალისწინებდა - ანულირებულია.

"ბევრი რამ იქნება კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზე დამოკიდებული და ამ სუბიექტებში, პირველ რიგში,იგულისხმება ოპოზიციური პარტიები. განსაკუთრებით საუბარი იმ პარტიებზე, რომლებიც კვლავაც ხელს უწყობენ პოლარიზაციას როგორც პარლამენტს გარეთ, თუ შიგნით. მათი მოქმედება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მათ პროცესები მიჰყავთ არა პოლარიზაციისკენ, რასაც დღეს ვერ ვხედავთ... დღევანდელი ვითარება ისაა, რომ კვლავ მცირერიცხოვან, მაგრამ აქციებს მაინც აწყობენ, საუბრობენ რევოლუციაზე, საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე მას შემდეგ, რაც 48% ავიღეთ, ვირტუალური 43% იყო და რეფერენდუმი გამოაცხადეს და იქაც 47%ავიღეთ. ისევ მიდის ამაზე საუბარი. ასეთ დროს, როცა გვესმის პოლარიზაციის ხელშემწყობი გზავნილები და ვხედავთ პოლარიზაციის ხელშემწყობ ქმედებებს, საუბარი ზედმეტია ასეთი ინიციატივის განხილვაზე", - აცხადებს კობახიძე.

იგი ამბობს, რომ შემცირებული ბარიერი ხელშემწყობი ბარიერია ნაკლები სტაბილურობისთვის და მაგალითად მოჰყავს ევროპა, სადაც სამზე დაბალი ბარიერი მხოლოდ ორ ქვეყანაშია.

"ჩვენ სიღრმისეულად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა იქნება უკეთესი დემოკრატიული განვითარებისთვის, 2%-იანი, ბუნებრივი ბარიერი, 3, 4 თუ 5. როგორც კი შეიცვლება მათი დღის წესრიგი, მაშინვე უნდა განვაახლოთ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა განახლებას აქვს თავისი წინაპირობები. წინაპირობა არის მათი მხრიდან პოზიციებისა და ქმედებების შეცვლა", - განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.

19 აპრილს, შარლ მიშელის მედიაციით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა საარჩევნო რეფორმას, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით გამართვას და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ან, მაქსიმუმ, 2%-იანი ბარიერის შემოღებას.

კობახიძემ გუშინ, 30 ნოემბერს თქვა, რომ  ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება. მისი განცხადებით, ცვლილებების დამტკიცება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული".


close დახურვა