logo
ENG



კობახიძის თქმით, აღიარების შემთხვევაში ჯაფარიძის მიმართ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ

17 თებ 202200:00
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძის თქმით, აღიარების შემთხვევაში ჯაფარიძის მიმართ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს დანაშაული რომ ეღიარებინა, მანდატის შეწყვეტაზე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

"წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ აღიარეს დანაშაული. თქვეს, რომ ასეთი რაღაც მოხდა, 10 წლის წინ ვალები გვქონდა დასაფარი, პრობლემები გვქონდა, ვერ ვაკეთებდით ამას სხვანაირად, მოგვიწია 17 მილიონის, თუ რამდენიც იყო, "ჭუტა" წერეთლის მეშვეობით გამოტანა, მერე ჩამოწერა. ვითაღლითეთ, რაღაც გავაკეთეთ. რაღაც მოტივი ხომ ჰქონდათ, იმედია, სახლის ასაშენებლად არ გამოიტანეს ის ფული. რაღაც მიზნისთვის სჭირდებოდათ. დაბადების დღის გადასახდელად რომ არ გამოუტანიათ ფაქტია, პირობითად ვამბობ. [...]

აღიარების პირობებში ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან მაღალი ალბათობით იქნებოდა განსხვავებული. როდესაც შენ აღიარებ დანაშაულს, ამით შენ არ უპირისპირდები სისტემას, მაგრამ აქ იყო სხვა მოცემულობა. როდესაც შენ თაღლითობაში დაგდებენ ბრალს და მსჯავრი გაქვს, ასეთ დროს ან უნდა აღიარო, ძნელია პოლიტიკოსისთვის თაღლითობის აღიარება, ან მეორე ვარიანტია, არ აღიარებ და იძულებული ხარ, დაუპირისპირდე სისტემას. გახსოვთ რა ხდებოდა? ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პირდაპირ ჩვენ გვადანაშაულებდნენ იმაში, რომ ჩვენ დავავალეთ სასამართლოს ამ განაჩენის გამოტანა და ამის გამო შეეფარდათ სასჯელი", - თქვა კობახიძემ.

15 თებერვალს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, პარლამენტი დატოვა ყოფილმა სპიკერმა, კახა კუჭავამ. 

ელენე ხოშტარია მანდატის შეწყვეტას თვითონ ითხოვდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე. 

ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვნლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს. მათი თქმით, დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი.

ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაული ხანდაზმულია, ამიტომ დეპუტატს მანდატი არ უნდა შეუწყდეს. 

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, უმრავლესობამ არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის შეუწყვიტა მანდატი.

საპარლამენტტო ბოიკოტის შემდეგ, 10 თებერვალს ნათელაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, თუმცა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა.


close დახურვა