ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებაზე აშშ-ს საელჩოს შეფასება სწორი და სამართლიანი არაა. ამის შესახებ მან პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის თქმით, კანონპროექტი, რომელიც მათ წარადგინეს ალტერნატივა არ აქვს.
"ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ, თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია, რაშიც არის თავმჯდომარისა და თითოეული წევრის დამსახურება. მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, მე არ შემიძლია ეს შეფასება შევაფასო, როგორც სამართლიანი", - განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ნაჩქარევი და არასაჭიროა პარლამენტის გადაწყვეტილება, შეცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის ძირითადი წესი, რომელიც, საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში, 2021 წლის ზაფხულში იქნა მიღებული.
საელჩოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება "ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს".
17 დეკემბერს პარლამენტმა III მოსმენით მხარი დაუჭირა ცესკო-ს წევრების და თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესის ცვლილებას.
საქმე პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომლის მიხედვითაც, ახლებურად განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის მიერ ცესკოს წევრებისა და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესი.
საკანონმდებლო ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.