ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის კითხვარს ვადის ამოწურვამდე შეავსებენ. კითხვარი უკვე შეავსო უკრაინამ და მოლდოვამ.
კობახიძის თქმით, საჩქარო არაფერია და სურთ, დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, რათა "ხარისხიანი დოკუმენტი" წარადგინონ.
"ვადები არის განსაზღვრული ევროკავშირის მხრიდან და 9 მაისამდე ჩვენი მხრიდან იქნება შევსებული კითხვარის ორივე ნაწილი. სათანადო ვადებში იქნება შევსებული კითხვარი. ჩვენ შეგვეძლო უფრო ადრეც ამის გაკეთება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვადა აქვს მოცემული ევროკავშირს, მაქსიმალური დრო გვინდა დავუთმოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი დოკუმენტი წარვადგინოთ. საჩქარო არაფერია, ჩვენ გვაქვს ვადები, ეს ვადები იწურება სულ რაღაც 10 დღეში და ამ 10 დღის განმავლობაში შედგება პასუხები კითხვარზე და წარედგინება ევროკავშირს", - თქვა კობახიძემ.
საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკრაინის შემდეგ მიმართეს. უკრაინამ ევროკავშირში განაცხადი მას შემდეგ შეიტანა, რაც 24 თებერვალს რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.