logo
ENG



კობახიძის თქმით, ოცნება მზადაა, გენპროკურორის არჩევა ოპოზიციასთან შეთანხმებული წესით მოხდეს

01 სექ 202217:15
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მზად არიან, გენერალური პროკურუროს არჩევა ოპოზიციასთან შეთანხმებული წესით მოხდეს.

კობახიძის თქმით, კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.

"როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, ქართული ოცნება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე.

აღნიშნული 12 პუნქტის ნაწილია საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გადასინჯვა. ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე", - თქვა კობახიძემ.

მისი განცხადებით, ამ კანონპროექტს ანალოგი არ აქვს, თუმცა "ერთჯერადად თვალს დახუჭავენ" სამართლებრივ პრინციპებზე, რადგან 12 პუნქტის შესრულება მათთვის პრიორიტეტია.

"საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ამას აქვს მარტივი მიზეზი - მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს დიდხანს აღარ შევჩერდებით. გავიხსენებთ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული მიზეზით, ჩვენი გადაწყვეტილებით, შარშან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეჩერდა.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ", - განაცხადა კობახიძემ.


close დახურვა