logo
ENG



კობახიძის მტკიცებით, ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი სააკაშვილის გარემოცვის გავლენით გაიწვია

04 მარ 202223:02
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძის მტკიცებით, ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი სააკაშვილის გარემოცვის გავლენით გაიწვია

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, საქართველოდან გაეწვია უკრაინის ელჩი მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის გავლენით მიიღო. 

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის, იგორ დოლგოვის გაწვევის შესახებ განცხადება 1-ლ მარტს გააკეთა. მიზეზად რუსეთის მიმართ მოხალისე ჯარისკაცებისთვის უკრაინაში გასამგზავრებლად დაბრკოლებების შექმნა და სანქციებზე არშეერთების შესახებ "ამორალური გადაწყვეტილება" დაასახელა. 

თუმცა, კობახიძე ვოლოდიმირ ზელენსკის ამ პოზიციას არ იზიარებს და აცხადებს, რომ მოხალისეები არც სხვა ქვეყნებმა გაუშვეს საომრად, სანქციებს კი, მაგალითად, მოლდოვაც არ შეერთებია, თუმცა, ამ ქვეყნიდან უკრაინას ელჩი არ გაუწვევია. 

"როცა უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, ფორმალურად თუ არაფორმალურად, არიან სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია და სხვები, ანუ ნაცმოძარობის სახეები და არახამია პირდაპირ არის სააკაშვილთან დაკავშირებული, ასეთ დროს ძალიან საფუძვლიანია ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ ეს ადამიანები იყვნენ ამ გადაწყვეტილების სულისჩამდგმელები. ეს არის ჩვენი ძალიან ლოგიკური ვარაუდი.

ძალიან უხეშია ლოგიკური აცდენა და ამის საპირისპიროდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს. 

სააკაშვილი არის ციხეში, მაგრამ ის დღემდე რჩება [უკრაინის] რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ. ეს არის მისი დღევანდელი სტატუსი. 

გარდა ამისა, გახსოვთ, რომ არახამია freemisha-ს მაისურით გამოდიოდა სულ ცოტა ხნის წინ. სააკაშვილმა თავადაც აღნიშნა, რომ მისი დაფრთიანებულია არახამია. ამასთან, ის არის პრეზიდენტ ზელენსკის უახლოესი გარემოცვა. ასეთ დროს არც თუ რთულია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა. ამას ემატება ჩვენი ლოგიკური ეჭვები, რაც ეფუძნება გადაწყვეტილების ალოგიკურობას". - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ურყევია.


close დახურვა