ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "აბსოლუტურად არარელევანტურია" მსჯელობა იმაზე, რომ პარლამენტში დარეგისტრირებულმა რუსულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაცია.
გუშინ, 21 თებერვალს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ასევე EU-ის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ დარეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტს, რომლის შინაარსაც ოცნება მხარს უჭერს, შემაშფოთებელი უწოდეს.
"თქვენ ხედავთ, რომ აშშ-ში მოქმედებს ანალოგიური კანონი, ბევრად უფრო მკაცრი, არაადეკვატურად მკაცრი კანონი, ჩვენ ასეთი მკაცრი კანონის მიღება გვგონია, რომ არ არის სწორი. რაც შეეხება ევროპას, იქაც დაიწყეს მსჯელობა ასეთი კანონის მიღებასთან დაკავშირებით, პირდაპირ EPP-ის წარმომადგენელი გამოვიდა და მათ დაიწყეს ამ საკითხის ინიცირება და ისინი საუბრობენ ამერიკული კანონის კოპირებაზე. როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონდეს წინააღმდეგობა ევროინტეგრაციასთან ან სხვა საკითხებთან? ეს არის წარმოუდგენელი. აშშ-ში მოქმედებს ასეთი კანონი, ევროკავშირში ახლა ახდენენ ასეთი კანონპროექტის ინიცირებას, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად არარელევანტურია მსჯელობა იმაზე, რომ ამ კანონპროექტმა შესაძლოა შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაცია", - ამბობს კობახიძე.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ხალხის ძალის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი "შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან", მისი ამერიკული ვარიანტი კი, "არაადეკვატურად მკაცრი და უმძიმესია ადამიანის უფლებების თვალსაზრისით".
კობახიძის თქმით, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საფუძველზე აშშ-ში არაერთი ადამიანია დაჭერილი, "ქართული კანონპროექტი კი არავის დაჭერას, რეპრესიებს არ ითვალისწინებს".
"ჩვენს შემთხვევას, კანონპროექტს, რომელიც ინიცირებულია ხალხის ძალის მიერ, აქ საუბარია მხოლოდ სუბიექტების გარკვეულ წრეზე და მკაფიო კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც ეს წრე განისაზღვრება. სინამდვილეში, საუბარია რაზე, რომ თუ რომელიმე საგარეო, უცხო ძალა დებს ფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციაში და ეს ფინანსები აღემატება ამ ორგანიზაციის დაფინანსების 20%-ს, ამ შემთხვევაში, ეს ორგანიზაცია არის ვალდებული გამჭვირვალე გახადოს თავისი ფინანსები, ეს არის ამ კანონპროექტის არსი. მიზანი იგივეა, რაც მაქვს აქვს აშშ-ში, უბრალოდ ამ მიზნის მიღწევა ხდება პროპორციული ზომებით.
კიდევ გავიმეორებ, რომ არის ამერიკული კანონი, რომელიც უმძიმესია ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და მეორე მხარის არის ხალხის ძალის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.
მოტივი, საფუძველი, მიზეზი არის ერთი და იგივე, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა ნებისმიერი საგარეო ინტერვენციისგან. არაერთი ადამიანი დაჭერილია ამ კანონის საფუძველზე აშშ-ში, რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, ის არავის დაჭერას არ ითვალისწინებს, არავითარ რეპრესიებს არ ითვალისწინებს, ითვალისწინებს გამჭვირვალობას. მიზანი არის რა, რომ როდესაც ხორციელდება გარკვეული საგარეო ჩარევა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, ეს ჩარევა ემსახურება თუ არა კეთილშობილურ მიზნებს. საზოგადოების ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული ნებისმიერ დაფინანსებაზე, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოდის და უნდა იმსჯელოს, რომელი დაფინანსებაა კეთილშობილური და რომელი არა", - აცხადებს კობახიძე.
***
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების, ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.
ბიუროს სხდომის პარალელურად, პარლამენტში დღეს მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში კანონით აიკრძალება.
სავარაუდოდ, ეს საკითხი მიმდინარე კვირაში სესიაზე განხილვისთვის არ გავა. საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოო პოზიციის უახლოეს 2 კვირაში დაფიქსირებას აპირებს.
რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას