სახელმწიფოს მხრიდან ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილ თვეში 500 000 ლარს წყალში გადაყრილ თანხას უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების ამოცანა არა ნატოში გაწევრიანების საკითხი, არამედ მასთან პარტნიორობაა.
„სულ მცირე ხნის წინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაიქირავა ძალიან ძვირი ლობისტური კომპანია და ახლა მთავრობა ქირაობს უფრო ძვირად. წინა კონტრაქტებში ვნახეთ, რომ ამ კომპანიების ამოცანა არ არის, რომ ნატო-ში გაწევრიანების საკითხმა წაიწიოს წინ. იქ საუბარია, უბრალოდ, ნატო-თან პარტნიორობაზე. ან რომ ჩვენი დეოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, ან 2008 წლის ხელშეკრულების საკითხი მოხდეს სანქციებში და ახლა ძალიან ხელსაყრელი გარემოა ამ საკითხების აქტუალიზებისთვის. ერთადერთი ფოკუსი ამ ლობისტური კომპანიის იქნება კრიტიკის შერბილება, მაგრამ უკვე გვიანი“, - განაცხადა კანდელაკმა.
„რესპუბლიკური“ პარტიის წევრის დავით ზურაბიშვილის თქმით, ლობისტები სასწაულებს ვერ ახდენენ და თეთრს შავად ვერ წარმოაჩენენ.
„კარგად ვიცით რატომ არის ეს ლობისტური კომპანია დაქირავებული - შავი წარმოაჩინოს თეთრად. ოცნება შეწუხდა, რომ კრიტიკა დასავლეთისგან მიიღო. მათ აქვთ მიდგომა, რომ ეს არასწორი კომუნიკაციის ბრალია. ახლა ლობისტურ კომპანიას დაიქირავებენ და ყველაფერს კარგად წარმოაჩენენ. ლობისტურ კომპანიას სასწაულების მოხდენა არ შეუძლია. მას შეუძლია დაგეხმაროს იმ პოლიტიკის წარმოჩენაში, რასაც ატარებ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე კი აცხადებს, რომ მმართველ გუნდი არაფერს აკეთებს ისეთს, რასაც ლობისტური კომპანიის დაქირავება სჭირდება.
„საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს თემა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხომ არ არის დაკავშირებული ქართული ოცნებისა და ხელისუფლების ფარულ მხარდაჭერაზე ხომ არ იქნება მიმართული და არა სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. საერთოდ, მესიჯების გასატანად 500 000 ლარიან კომპანიას არ ქირაობენ. საერთოდ, მესიჯები რომ გაიტანო, ჯერ უნდა გააკეთო რაღაც ისეთი, რომ მესიჯი გქონდეს გასატანი. „ქართული ოცნება“ კი სამესიჯოს არაფერს აკეთებს“, - განაცხადა კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ქვეყნის შიგნით ხისტი პოზიციის დემონსტრირების პარალელურად, ქვეყნის გარეთ პარტიის შელახული რეპუტაციის გამოსწორებას ლობიზმით განაგრძობს. მთავრობამ კიდევ ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან განაახლა კონტრაქტი. კონგრესმენების, სენატორებისა და ევროპარლამენტის უპრეცენდენტო კრიტიკის კვალდაკვალ იზრდება ის თანხა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ლობისტებს უხდის.
„ქართულმა ოცნებამ“ კომპანია „straight various“-სთან კონტრაქტი 28 იანვარს განაახლა. კონტრაქტზე ხელს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი აწერს. კომპანიისთვის თანხის გადახდის მიზნით ფული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა, ოცნებას კომპანიისთვის თვეში 10 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.
კონტრაქტის თანახმად კომპანიას პოლიტიკის მონიტორინგი, სტრატეგიისა და გზავნილების შემუშავება ევალება.
კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელიც ხელისუფლებამ ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა 13 თებერვლით თარიღდება, ამ შემთხვევაში მოვალეობების შემსრულებული „DCI Group“-ია. თანხა თვეში 33 333 დოლარს შეადგენს, დოკუმენტზე ხელს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აწერს.
65 ათას დოლარს გადაუხდის ოცნება „Strategy group-ს“. ლობისტურ კომპანიას საერთაშორისო მედიასთან კომუნიკაცია, ინვესტიციებში ლობიზმი და ამერიკის მხარდაჭერის მოპოვება უსაფრთხოების სფეროში ევალება.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორებისგან კრიტიკული წერილები მიიღო პარტიამ კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა 21 იანვარს და თანხა შეადგენს 75 ათას დოლარს, კომპანია იმუშავებს კონკრეტულად „ქართულ ოცნებაზე“ და არა ქვეყანაზე.