კორონავირუსის კრიზისმა მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური გამოწვევის წინაშე დააყენა. გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ვირუსისგან გამოწვეულ რეცესიას უახლოეს წარსულში პარალელი არ აქვს.
ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა გლობალური მაჩვენებელი 860 ათასს აჭარბებს, დაღუპულთა რაოდენობა კი 42 ათასს აღემატება.
პენტაგონისგან დაუყოვნებლივ დახმარებას და ეკიპაჟის კარანტინში გადაყვანას ითხოვს ამერიკული ავიამზიდის კაპიტანი. სამხედრო ხომალდზე, რომლის ბორტზეც 4 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება, სავარაუდოდ 100-ზე მეტ სამხედროს ინფექცია აქვს. გემი გუამის სანაპიროსთანაა გაჩერებული. თავდაცვის მდივნისთვის გაგზავნილ წერილში კაპიტანი ამბობს, რომ სამხედროები არასაომარ პირობებში არ უნდა იღუპებოდნენ.
სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე კვლავ იტალიაა. დაღუპულთა რაოდენობა ქვეყანაში ერთ დღეში 837-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში რეკორდული, 499 ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს საფრანგეთშიც. დიდი ბრიტანეთში კი გარდაცვლილთა რიცხვი გასული დღის მონაცემებთან შედარებით, გაორმაგდა. დაღუპულთა შორისაა 13 წლის ბიჭიც.