NATO -ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ხავიერ კოლომინა, ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ NATO საქართველოში რეფორმების განხორციელების დონით შეშფოთებულია.
მისი თქმით, საქართველოსგან ალიანსი სხვადასხვა ფორმით ითხოვდა რეფორმების განხორციელებას და ქვეყანამ შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღო.
კოლომინა აცხადებს, რომ რეფორმების ძირითადი ნაწილი სასამართლო, საარჩევნო და უსაფრთხოების სექტორს შეეხებოდ. თუმცა ალიანსის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს რეფორმები NATO-სთვის სასურველი ტემპით არ მიმდინარეობს და პროცესები ბოლო 1.5 წელია გაჩერდა.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობით, პრაქტიკული თანამშრომლობის. თქვენს ქვეყანასთან პოლიტიკური დიალოგის დონით. ამ ფონზე შეშფოთებულები ვართ იმ რეფორმების განხორციელების დონით, რომელსაც რომელსაც ჩვენ ვითხოვთ.
ეს რეფორმები მოთხოვნილი იყო მრავალი ფორმით. ჩვენ ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში აღვნიშნეთ 10 რეკომენდაცია. ძირითადი არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და უსაფრთხოების სექტორი. ამ რეფორმების განხორციელების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა ვნახოთ.
ბოლო 1 წელში, წელიწად-ნახევარში პროცესები გაჩერდა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, როგორც ალიანსი, ისე მოკავშირეებიც. ასე რომ ერთ-ერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს არის რეფორმების გზის აღდგენა, რომ კვლავ დაიბრუნოს რეფორმების ჩემპიონის ტიტული, რომელიც საქართველოს ჰქონდა“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ფორმულასთან ინტევრიუში აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისა და დიალოგის გაგრძელებაზე მუშაობს. NATO-მ შეიმუშავა უკრაინაში რუსეთის ომის რეგიონზე გავლენის შესახებ კონკრეტულად მორგებული ზომების პაკეტი, რომელშიც, მისი თქმით საქართველოზე დიდი აქცენტია.