logo
ENG



კოლომინა საქართველოს რეფორმების ტემპთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთებას გამოთქვამს

24 მაი 202319:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/24/p6lklipc9znpnme.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა საქართველოში რეფორმების ტემპთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ არსებობს რეფორმები, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს.

"არის, ასევე, შეშფოთება რეფორმების დონეზე, რიტმზე, მის შინაარსზე, როგორც უკვე ვახსენე უცხოური აგენტების კანონი, გადაწყვეტილებების მიღებებზე, რეაქციებზე, რომელსაც ვხედავდით ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო მიღებული რუსეთის მხრიდან აღდგენილიყო ფრენები - რეაქცია, რომელსაც ჩვენ ვხედავდით, ესეც შეშფოთებას წარმოადგენს ჩვენთვის", - განაცხადა მან [სინქრონული თარგმანი].

პრესკონფერენციაზე, კოლომინამ ისაუბრა რუსულ კანონზეც და აღნიშნა, რომ ის დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ იყო მიმართული. აქვე, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის საკითხი ვილნიუსის სამიტზე პირველი პრიორიტეტი იქნება - მისი თქმით, ღირებული პარტნიორებისგან, როგორიცაა საქართველო, ალიანსი ელის, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერს გააკეთებენ. მან, ასევე, დააფიქსირა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და თქვა, რომ საქართველო NATO-ს პარტნიორად რჩება.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა თბილისს დღეს ეწვია - ის შეხვდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს.

უსაფრთხოების გამოწვევებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტის შემდეგ, კოლომინა თბილისს NATO-ს მხრიდან ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირებული შეშფოთების ფონზე სტუმრობს. 5 აპრილს კოლომინამ განაცხადა, რომ არსებობს შეშფოთება საქართველოში რეფორმების გატარების ტემპთან და დონესთან დაკავშირებით.

როგორც კოლომინამ ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, მნიშვნელოვანია მთავრობამ გაატაროს რეფორმები, რაც საბოლოოდ გავლენას მოახდენს დეპოლარიზაციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების გატარება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.


close დახურვა