სოციალურ ქსელში გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მოქალაქეების პეტიცია გავრცელდა - მოთხოვნას უკვე 20 000-მდე მოქალაქე შეუერთდა.
პეტიციის ინიციატორი ფილოსოფიის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძეა.
"დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული", - ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში, - "ნიშვნელოვანია, გაუქმდეს კომენდანტის საათი, მაგრამ, გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკ-ჯუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია".
ე.წ კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან, უკვე ნახევარი წელია მოქმედებს. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.
მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.
გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა და მხოლოდ ბილეთების მქონე პირებს შეეხო.
ბოლო შემსუბუქება მართლმადიდებლური აღდგომის ღამესაც განხორციელდა, როდესაც გადაადგილების შეზღუდვა 3 საათით ნაკლები დროით მოქმედებდა. კერძოდ, კი ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების ისე ბიზნეს სექტორის მიერ.