კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური გაერთიანებები ხვალ, 3 აპრილს აქციას გამართავენ და დემონსტრაციულად დაარღვევენ დაწესებულ შეზღუდვებს.
თავისუფლების მარში კომენდანტის საათის წინააღმდეგ თბილისში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყება:
- ე.წ. წითელ ბაღში მოძრაობა სირცხვილია შეიკრიბება
- ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტტიდან მოძრაობები სოცაფეთქება და დროა დაიწყებენ მსვლელობას
- ვაკის პარკიდან მსვლელობას დაიწყებს გირჩი - მეტი თავისუფლება
საბოლოოდ თავისუფლების მარში ფილარმონიასთან გაერთიანდება და პარლამენტის მიმართულებით ერთად დაიძვრება. 18:00 საათზე აქცია პარლამენტის წინ დაიწყება და მონაწილეები დემონსტრაციულად დაარღვევენ კომენდანტის საათს.
თბილისში გამართულ თავისუფლების მარშზე დაუკრავენ შემდეგი არტისტები:
- Killages
- Loudspeakers
- რეზო და ბავშვები
- St. Nudes
- წერილი
- რობი კუხიანიძე
- შოთა ადამაშვილი
- რეზო კიკნაძის ბენდი
- Skyra
- Boya
- Trotsky
- Frankie Beatnik
- Vasil
- Tobako Tween
- Nio
გარდა თბილისისა, აქცია გაიმართება ბათუმშიც - მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით კომენდანტის საათს გააპროტესტებენ. პროტესტის მონაწილეები 20:00 საათიდან სირცხვილიას შტაბში, ფარნავაზ მეფის N39-ში შეიკრიბებიან და დაუმორჩილებლობის წვეულებას გამართავენ, რითაც დემონსტრაციულად დაარღვევენ დაწესებულ შეზღუდვას.
საქართველოში კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. მოქალაქეებს 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ.
შეზღუდვა დაწესებიდან მხოლოდ სამჯერ შემსუბუქდა: 31 დეკემბრის ღამეს, ასევე 2021 წლის 6 იანვრის შობის ღამეს კომენდანტის საათი მოიხსნა, ხოლო 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთის მქონე პირებს გადაადგილების უფლება 01:00 საათამდე ჰქონდათ.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობამ კომენდანტის საათი არ მოხსნა ნოვრუზის დღესასწაულზე, რის გამოც მოსახლეობის ნაწილმა შეზღუდვა დემონსტრაციულად დაარღვია.