2022 წლის 30 ივლისს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით წარუდგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები.
შესაბამისი ოქმის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობის ვაკანტური თანამდებობაზე განაცხადი 5-მა კანდიდატმა შემოიტანა:
- რევაზ ეგაძე;
- გიორგი კალანდარიშვილი;
- გიორგი შაიშმელაშვილი;
- ნანული ბებია;
- თამარ ალფაიძე.
კომისიისგან უარი არც ერთ კანდიდატს არ მიუღია.
ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე განაცხადი შემოიტანა 10-მა ადამიანმა, მათგან 3-ს უარი ეთქვა არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტი კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტს, დამტკიცების მიზნით, 7 დღის ვადაში წარუდგენს.