ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 4 წარმომადგენელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსი, კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარეები კონგრესმენი ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი წერენ, რომ "ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული შრომა" საფრთხის წინაშეა.
"როგორც საქართველოს მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ მის დემოკრატიისაკენ მისწრაფებას, ვამბობთ, რომ თბილისში განვითარებული მოვლენები დამთრგუნველი სანახავი იყო. წლების განმავლობაში ქართველი ხალხი დაუღალავად შრომობდა, აშენებულიყო ძლიერი და პერსპექტიული დემოკრატია, რაც ახლა საფრთხის წინაშე დადგა გადაჭარბებული ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო.
პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანად მოგვარების ინტერესით, მოვუწოდებთ ქართული ოცნების ლიდერებს სიტუაციის დეესკალაციისკენ და ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მუშაობისკენ, რათა დაიწყოს ჯანსაღი დემოკრატიისკენ სწრაფვა. ვშიშობთ, რომ სხვა მცირე პარტიებთან მუშაობის უუნარობა ხელს შეუშლის იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მიმართულებით მიაღწია", - ნათქვამია განცხადებაში.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა ენმ-ის ოფისში ძალადობრივი შეჭრის შემდეგ 23 თებერვალს დააკავეს. მთავრობის კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა 26 თებერვალს აქცია-მსვლელობა დააანონსეს, რომელზეც მელიას გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსაც შეხვდნენ და შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში მთავარი მოთხოვნები კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება.
საერთაშორისო კრიტიკისა და ოპოზიციის პროტესტის პარალელურად, ახლადდამტკიცებულმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მელიას დაპატიმრება "სახელმწიფოს ღირსების დასაცავად" იყო აუცილებელი და ოპოზიციას "გულწრფელი და პირდაპირი" დიალოგისთვის მზაობა განუცხადა.