ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის ნაწილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას მხარს არ უჭერენ და, სხვა კანდიდატებთან ერთად, ბევრი მათგანი ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერია.
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან კონჯორიამ განაცხადა, რომ დღეს პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგი მათთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან ზუგდიდის ორგანიზაცია დიდია და წევრებს შორის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს.
შესაბამისად, კონჯორიას თქმით, ის რაც პარტიაში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ნაწილმა განაცხადა ხალხის შეცდომაში შეყვანაა.
„დღეს ზუგდიდის პარტიის ოფისში ჩატარებული ბრიფინგის თაობაზე რაც ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ასევე ასობით პარტიის მხარდამჭერისთვის მოულოდნელი იყო. ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, ვარ პოლიტსაბჭოს წევრი. რაც რამდენიმე საათის წინ ჩემმა მეგობრებმა ბრიფინგზე თქვეს არის ხალხის შეცდომაში შეყვანა, რომ ზუგდიდის ორგანიზაცია მხარს მხოლოდ ნიკა მელიას უჭერს. ზუგდიდის ორგანიზაცია არის მრავალფეროვანი, რითაც მე ვამაყობ. ბევრი უჭერს მხარს ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, მათ შორის ჩვენც. ასევე არიან პარტიაში ხალხი, ვინც მხარს უჭერენ სხვა კანდიდატებსაც. მინდა, წარმატება ვუსურვო ყელა კანდიდატს. ჩვენთვის მთავარია, რომ ციხიდან ვიხსნათ პუტინის ტყვეობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი და ასევე პუტინის ტყვეობაში მყოფი ნიკა გვარამია“ - განაცხადა კონჯორიამ.
დღეს ზუგდიდის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრების ნაწილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერენ მხარს.