კორონავირუსთან ბრძოლაში სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთვებიან - ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
როგორც საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ინფიცირებულებს სადაზღვევო კომპანიის პირადი ექიმები გაუწევენ მონიტორინგს და ეს ყველაფერი მოხდება ონლაინ რეჟიმში.
"ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენთან დაზღვეულებთან მიმართებით კოვიდის მართვა დავიწყოთ. ზარი რომ შემოდის, ვიღაცამ უნდა თქვას, რომ ეს ადამიანი წავიდეს საავადმყოფოში, სასტუმროში ან სახლში დარჩეს და იქ მიხედონ. ამის მერე ეს ინფორმაცია სადაზღვეომ სახელმწიფოს უნდა შეატყობინოს", - აცხადებს ხეჩინაშვილი.
ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას, თქმით კი, უახლოეს დღეებში შეიქმნება ბინაზე მართვის ცენტრალიზებული ჯგუფი, რომელიც სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ინფიცირებულის ბინაზე მართვის პროცესში.
"სადაზღვევო კომპანიები ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან და ისინი ონლაინ კლინიკებთან და ბინებზე მართვის ცენტრალიზებულ ჯგუფთან ერთად აქტიურად მიიღებენ პროცესში მონაწილეობას. ბენეფიციარები მიიღებენ ხარისხიან სერვისს და ეს სერვისი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება", - აღნიშნავს ადამია.
დღეს, 15 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული, 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 367 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 113 ადამიანი გარდაიცვალა.