ახმეტის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ინფიცირების 10-ზე მეტი შემთხვევის გამოვლენის გამო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სოფელ მატანთან პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ მატანის შესასვლელთან და გასასვლელთან საველე კარვები ააწყვეს.
"საკონტროლო პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგი პოლიციამ უწყვეტ რეჟიმში უკვე დაიწყო. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ მატანში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია, პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ატარებს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ მატანსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 2 392 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 369 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.