კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე სულ უფრო მზარდია. ტურიზმი, მომსახურების სფერო და ახლა უკვე ავტოიმპორტიორები. დილერები აცხადებენ, რომ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების ჩაკეტვა ავტომობილების გაყიდვებზე უარყოფითად აისახება. მათ დღეს აქცია გამართეს და ავტობაზრობაზე დგომის გადასახადის დროებით გაუქმება მოითხოვეს.
ვირუსისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემები თერაპევტთა პროფესიულ გაერთიანებასაც შეეხო, რომელშიც 300-ზე მეტი სპეციალისტია გაერთიანებული. ისინი აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებთან მუშაობენ. ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის თერაპიული კურსები შეწყდა, ექიმები კი უხელფასოდ დარჩნენ.
ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, მეტად ჩაერთონ მოქალაქეების ფინანსური პრობლემების მოგვარების საქმეში. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა მთავრობის მეტი ჩართულობა კონკრეტული ფინანსური პრობლემების გადაწყვეტაში. მთავრობის მეტ როლს ხედავს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც.
მთავრობამ კი ანტიკრიზისული გეგმა უკვე გამოაქვეყნა, თუმცა სხვადასხვა სფერო ფინანსურად ყოველდღიურად ზარალდება.