პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ის საკითხი განიხილეს, თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყნის ეკონომიკა, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის გავრცელების არეალი გაიზრდება.
შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველიც ესწრებოდნენ.
ასევე, გახარიამ ეკონომიკურ გუნდს სამოქმედო გეგმის შემუშავება დაავალა, რომელიც შესაძლო რისკების პრევენციას უზრუნველყოფს. ამასთან, საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ განკარგულებაც გამოსცა. განკარგულების საფუძველზე, სამსახურში ორი კვირის განმავლობაში არ უნდა გამოცხადდეს საჯარო დაწესებულების ის თანამშრომელი, რომელიც განკარგულების ძალაში შესვლის დროისთვის ან შემდეგ იმყოფებოდა კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ მხარეებმა ერთმანეთს შექმნილი ვითარება გააცნეს.
"დამაიმედებელი ის არის, რომ ბიზნესი მზად არის სახელმწიფოს დაეხმაროს, ხოლო სახელმწიფო მზად არის ბიზნესსექტორის დაეხმაროს. უახლოეს მომავალში ვეცდებით გადავჭრათ ყველა ის გამოწვევა რომელიც იქნება", - განაცხადა ზამბახიძემ.