logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეგიონებშიც იმატებს - რა ვითარებაა ქვეყანაში

05 აპრ 202020:02
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსს საქართველოში დღეს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 81 წლის ქალი თანმდევი დაავადებების ფონზე წარმოქმნილი გართულებებით გარდაიცვალა. იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. დაავადების ახალი შემთხვევები გამოვლინდა იმერეთსა და აჭარაში. ათობით ადამიანი თვითიზოლაციაშია და ანალიზების პასუხს ელოდება.  

კოვიდ-19-ით ინფიცირებული 81 წლის ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 დღის წინ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ქალს რამდენიმე მძიმე თანდართული დაავადება ჰქონდა, კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ კი ორმხრივი მწვავე პნევმონია და მწვავე სეფსისი განუვითარდა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ქალის კლასტერი უცნობია, ისევე როგორც - მისი კონტაქტები და გავრცელების არეალი. 

გაიზარდა ეროვნული ბანკის დაინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ კლასტერთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პირს კოვიდ-19 დაუდგინდა. კიდევ 7-ის ანალიზის პასუხს დღის ბოლოს ელოდებიან. 

ეროვნულ ბანკთან არის დაკავშირებული რუსთავში ვირუსის გავრცელებაც. აქ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ 70-ზე მეტ ადამიანს აკვირდებიან. გუბერნატორის განცხადებით, მათ სიმპტომები არ გამოვლენიათ

კორონავირუსის მორიგი, მეცხრე შემთხვევა დადასტურდა აჭარის რეგიონშიც. კარანტინის დასრულებამდე 1 დღით ადრე 80 წლის ქალს სიმპტომები გამოუვლინდა და ტესტმა ვირუსზე დადებითი აჩვენა. 

დაინფიცირებულ სპორტსმენთან დაკავშირებული 3 ადამიანი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით შეიყვანეს. ისინი კლინიკაში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. სამივე პაციენტს ცხელება და ხველა აღენიშნება. სამივეს ლაბორატორიული ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. სპორტსმენთან კონტაქტში მხოლოდ ზუგდიდში 54 პირი იყო. ყველა თვითიზოლაციასა და კარანტინშია

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები თვითიზოლაციაში არიან ქუთაისშიც. მათ 67 წლის დაინფიცირებული პაციენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალს სპეციალური ეკიპირება არ ეცვათ, რადგან პროტოკოლით კორონავირუსის სიმპტომების გარეშე მათ სპეციალური ეკიპირებით გამოძახებაზე არ მიდიან. ეპიდემიოლოგები მამაკაცის კონტაქტებს სწავლობენ. მისი დაინფიცირების პირველწყარო უცნობია. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს. კორონავირუსზე ტესტი დაინფიცირებული მამაკაცის ცოლსაც უტარდება. ორივე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. პაციენტები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში ცხოვრობენ. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

"კოვიდ-19"-ის დიაგნოზი სომხეთში დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ტრაილერის მძღოლია. მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების საშუალო ასაკი 40 წელია. მაქსიმალური 87, მინიმალური კი 2. კოვიდ-19 დაინფიცირებულების 11%-ში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 


close დახურვა