გუდაურში, ხალხმრავალ ადგილებში 5 დღე მყოფ ტურისტებს ჩეხეთში დაბრუნებისას კორონავირუსი დაუდგინდათ. სწორედ ამ მიზეზით დაიკეტა გუდაურში მდებარე რესტორანი „მთვრალი ალუბალი“, 30-მდე თანამშრომელი ამავე შენობაში თვითიზოლაციაში რჩება.
ტურისტი ჯგუფთან ერთად გუდაურში 4-დან 9 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა და რესტორან „მთვრალ ალუბლებს“ ხშირად სტუმრობდა. ამავე რესტორნის ორი თანამშრომელი მაღალი სიცხის გამო კარანტინში გადაიყვანეს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონა ვირუსის სიმპტომები ტურისტს ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს 8 მარტს გამოუვლინდა. უკვე იდენტიფიცირებულია ყველა ის პირი, რომელსაც ტურისტთან ჰქონდა კომუნიკაცია და ახლა დაკვირვების ქვეშაა. ამავე მიზეზით საქართველოს მასშტაბით სამთო კურორტები დაიხურა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით სპეციალისტები უკვე იკვლევენ არის თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის ე.წ. მეოთხეული გადაცემა.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისთვის ჩეხი მოქალაქის კორონავირუსით დაინფიცირება ნიშანია, რომ ხელისუფლებას მუშაობა უნდა გააძლიეროს. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება აგვიანებს, როცა საგანგებო მდგომარეობას არ აცხადებს. ნაწილი კი უსიმპტომო პაციენტების პირველადი ტესტირების მნიშვნელობაზე საუბრობს.
კორონავირუსით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. ორჯერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის განიკურნა. დღის ბოლოს გაირკვევა გამოჯანმრთელდა თუ არა პაციენტი ნომერი 2. ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის covid 19-ის მატარებელი 25 პაციენტია, მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე.
ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 33-ია