კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა.
ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, სოფელში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ და მათ თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ.
გარდა ამისა, სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზის ნომერი: 595366476
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, 24 სექტემბერს, კორონავირუსის 259 შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დადასტურდა.
აღნიშნულის გამო, 25 სექტემბრიდან, 22:00 საათიდან აჭარის რეგიონში რესტორნები დაიხურება. ამასთან, მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 26 სექტემბრიდან აჭარის რეგიონში შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც ამოქმედდება.