ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან მოქალქეთა ნაწილი საკარანტინე სივრცეებსა და ცხელების ცენტრებშია გადაყვანილი. ინფექციონისტების ინფორმაციით ამ ეტაპზე ინფიცირების პირველწყაროს კონტაქტების დადგენა დასრულებულია და მათი რაოდენობა 100-ს აღემატება. კორონავირუსი ნუცუბიძის პლატოზე ორ კორპუსშია დადასტურებული. ერთ-ერთი კორპუსიდან 23 ოჯახი არის გადანაწილებულია, როგორც საკარანტინო ზონაში, ასევე ცხელების ცენტრებში. კორპუსს სადეზინფექციო სამუშაოები დღეს ჩაუტარდა.
„დეზინფექცია გაუკეთდა დერეფნებს, კიბეებს სახელურებს კარებებს, სადაც ხელით შეხება ხდება ზედაპირები ყველაფერი დამუშავებულია, ახლა დამუშავდება სარდაფი პერიმეტრი კორპუსის და სკამები, სადაც ჯდებიან. ბინებში არ შევდივართ არ შევდივართ“,-განაცხადა სადეზინფექციო სამუშაოების თანამშრომელმა.
მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ რამდენიმე დღეა ადჰილზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას მოითხოვდნენ, თუმცა მათი მოთხოვნა დღეს დაკმაყოფილდა, როგორც კორპუსის თავჯდომარე აცხადებს მათ რამდენჯერმე დარეკეს ცხელ ხაზზე, სადაც განუცხადეს, რომ სამინისტრომ თავად იცოდა როდის უნდა მისულიყვნენ სამუშაოების ჩასატარებლად. ასევე კორპუსის თავჯდომარის ინფორმაციით, კორპუსში ამჟამად 10 ოჯახი რჩება და 10-ვე მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
„ჯანდაცვის სამინისტროდან მოვიდა სადეზინფექციო სამსახური და გააკეთეს ყველაფერი. გადაყვანილი არის 23 ოჯახი, ვრჩებით სადღაც 10 ოჯახი იზოლირებული ვართ. რეკომენდაციაა, რომ გავიზომოთ დღეში ორჯერ ტემპერატურა. დავრეკე და ვიცით რა დროს უნდა მოვიდეთ და დღეს მოვიდნენ და ჩაატარეს“,-აცხადებს კორპუსის თავჯდომარე.
ე.წ. საბურთალოს კლასტერი 5 დღის წინ გამოჩნდა. მათი ინფიცირების პირველადი წყარო სამედიცინო სფეროს წარმომადენელია. 5 დღის განმავლობაში კორონავირუსი 23 პირს დაუდასტურდა, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ ერთი პირის ანალიზებს ელოდებიან.