ძალა ერთობაშაიას წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადება მისი პირადი პოზიციაა, ხოლო ბლოკის პოზიცია პარლამენტში არშესვლის და პროტესტის გაგრძელების შესახებ უცვლელია.
მისივე შეფასებით, გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მისცა შანსი, "გადმოდგას ნაბიჯი და წამოვიდეს მოლაპარაკებაზე, ამ პროტესტის ფონზე. მთავარი პრობლემა ხელისუფლებაშია და არა იმაში, ვინ რას იტყვის".
"ეს არის ბატონი გრიგოლის პერსონალური აზრი, რაც ასევე გასათვალისწინებელია ყველა ჩვენგანისთვის. მაგრამ, რაც მთავარია, გასათვალისწინებელია ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ, ჩვენ ახლა მოვისმინეთ არჩილ თალაკვაძის მშვიდი ტონით გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას. ეს ნება რომ გამოუცნობი გახადა "ქართულმა ოცნებამ" და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაანადგურა ყველა შანსი, სწორად იქნას დათვლილი ხმები. ეს ავიწყდება". - თქვა მან ტვ პირველის ეთერში.
ძალა ერთობაშიას ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, პროცესები ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე იქნას გადატანილი:
"მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად", - ამბობს ვაშაძე.
ის ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადავო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც ოპოზიციას მისცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით".
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების 31 ოქტომბრის არჩევნებს უნდობლობას უცხადებს, გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ტარდება საპროტესტო აქციები.