logo
ENG



კორძაია: მელია მზადაა ყველასთან ითანამშრომლოს, რომ ოცნებამ არჩევნებზე 43% ვერ აიღოს

06 მაი 202119:13
3 წუთის საკითხავი
 
კორძაია: მელია მზადაა ყველასთან ითანამშრომლოს, რომ ოცნებამ არჩევნებზე 43% ვერ აიღოს
ვახო ქარელი/ფორმულა

რესპუბლიკური პარტიის წევრმა, თამარ კორძაიამ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხეში მოინახულა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მელია მზადაა ყველასთან გააგრძელოს თანამშრომლობა იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის აღება ვერ შეძლოს.

კორძაიას თქმით, მელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის მჭიდრო კოორდინაცია უნდა არსებობდეს.

"ნიკა მელიას განწყობაა სამომავლოდ ის, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია. ის ვერ ხედავს მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნებზე 58%-ის აღების შესაძლებლობას. ის მზადაა, ყველასთან გააგრძელოს თანამშრომლობა იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მიიღოს 43% ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე", - ამბობს კორძაია.

კორძაიას თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია.

შარლ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც 19 აპრილის ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა, რამდენიმე საკითხზეა საუბარი. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც.

მელია აცხადებს, რომ თანახმაა ევროკავშირის გირაოზე იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ.

პარლამენტში კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს სრულად შეესაბამება. 

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლების სურვილია ამნისტია 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე გავრცელდეს და ამნისტიის კანონპროექტში კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული.  

ირაკლი კობახიძის თქმით კი, ამნისტია უნდა შეეხოს მათ, ვის მიმართაც 20 ივნისის აქციის საქმეზე გამოძიება დაწყებულია ან მომავალში დაიწყება. 

 


close დახურვა