აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.
როგორც მან ამერიკის ხმასთან საუბრისას განაცხადა, ფიქრობს, რომ მომხდარის გამო პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.
კრამერი აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების აუცილებლობაზეც მიუთითებს.
"საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს [მომხდარს]. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს. ჩვენ [შეერთებულ შტატებში] უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა", - აცხადებს დევიდ კრამერი.
თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.
პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა.
თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.
პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები.
თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.
საელჩოები ხელისუფლებას ძალადობის აღკვეთისა და დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.