logo
ENG



კრამონი მმართველ გუნდზე: ევროკავშირში გაწევრიანებისგან უფრო შორს არიან, ვიდრე ოდესმე

09 ნოე 202116:36
3 წუთის საკითხავი
 
კრამონი მმართველ გუნდზე: ევროკავშირში გაწევრიანებისგან უფრო შორს არიან, ვიდრე ოდესმე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირისგან ასე შორს არასდროს ყოფილა. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ გაღიზიანებულია მმართველი პარტიის ახალი ტონით და ანტიევროპული რიტორიკით. 

როგორც კრამონმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ ვებინარზე თქვა, რომ ქართული ოცნების რიტორიკას, სიძულვილის ენას, დაშინებასა და ადმინისტრაციული რესურსების არასწორ გამოყენებას, ევროპარლამენტარების მხრიდან მკაფიო განცხადებები უნდა მოჰყვეს.

კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეფორმების შეუსრულებლობას ევროკავშირისგან ფინანსური პასუხიც უნდა მოჰყვეს. 

მმართველი გუნდის ყველა წევრს მინდა ვუთხრა, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებიან, რომ მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ, ისინი ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისგან არიან უფრო შორს, ვიდრე ოდესმე.

ასოცირების შეთანხმება ისევ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ჩარჩოა, რომელიც არ შესრულდა და შორსაა სრული იმპლემენტაციისგან. განსაკუთრებით სასამართლო რეფორმის და სხვა რეფორმების კუთხით, ისინი [მმართველი გუნდი] უკან იხევენ თითქმის ყოველდღე და ჩვენ ამაზე მხოლოდ კომენტარის გაკეთება შეგვიძლია. თუმცა გარკვეულ მომენტში, ვფიქრობ, ფინანსური პასუხიცაა საჭირო. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას რომ ჩვენი გადასახადის გადამხდელთა ფულს ვაგზავნიდეთ ქვეყანაში, რომელიც არაა მზად შეასრულოს, არა მხოლოდ თავისი დაპირებების უმეტესობა და არამედ არც იმისთვისაა მზად რომ თავისსავე მოქალაქეებისთვის უერთგულოს დემოკრატიულ რეფორმებს. ჩვენ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ეს რეფორმები არა ევროკავშირისთვის, არამედ ქართველებისთვისაა.

მე ყოველთვის მქონდა მოლოდინი, რადგან თუ შევხედავთ NDI და სხვა კვლევებს საქართველო ისევ პროევროპული და ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე ქვეყანაა და გამიკვირდა და გამაღიზიანა ამ ახალმა ტონმა, ახალმა რიტორიკამ, რომელმაც მიგვაყენა კუთხეში, თითქოს ჩვენ მივუთითებთ რაღაცებს საქართველოს, რაც შესაძლოა მათი ტრადიციების და ღირებულებების წინააღმდეგ იყოს.

ამან ძალიან დამაბნია და ამის გასაგებად ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება მმართველი პარტია. თუმცა სხვა მხრივ, ჩვენ ვისაუბრებთ პროგრესზე და გზებზე, თუ როგორ შეგვიძლია მივწვდეთ კოლეგებს პარლამენტში და როგორ დავიწყოთ დიალოგი, როდის შეგვიძლია დაწყება და როგორ შეგვიძლია ეს მოვამზადოთ. ახლა სწორი დროა ამ ყველაფრის გასაკეთებლად თუ უნდა მოვიცადოთ და გადავდოთ ეს მცდელობები ვიდრე მმართველი პარტიისგან არ გვექნება უფრო პროევროპული გამოხმაურება პარლამენტში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა.

 

close დახურვა