logo
ENG



კრემლი: ბერლინში გადაყვანამდე ნავალნის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება არ აღმოჩენილა

02 სექ 202021:12
3 წუთის საკითხავი
clock 1191
yne931h3yug4z0m.jpg

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა გერმანიასთან ითანამშრომლოს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე, თუმცა ამბობს, რომ ბერლინში გადაყვანამდე რუსი ოპოზიციონერის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა. 

"ზოგადად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გერმანიასთან მონაცემების სრული გაცვლა განვახორციელოთ", - ამბობს პესკოვი, - "ჩვენმა ექიმებმა ოფიციალურად განაცხადეს მზაობა დოკუმენტები გადასცენ გერმანულ მხარეს, თუმცა, ამ დრომდე გერმანელი კოლეგებისგან პასუხი არ მიუღიათ"

დღეს რუსეთის პროკურატურამ გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ნავალნის მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაციის, ასევე სრული სამედიცინო დოკუმენტაციის გადაცემა სთხოვა, თუმცა გერმანიის მთავრობას საპასუხოდ ამ დრომდე არაფერი განუცხადებია. 

რუსეთმა დოკუმენტების გადაცემა მას შემდეგ მოითხოვა, რაც გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს.

ომსკის​ ჰოსპიტალის ექიმებმა, სადაც ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, პაციენტის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალი "ვერ იპოვეს". ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, თავდაპირველად რუსი ექიმები ნავალნის ბერლინში გადაყვანის ნებართვას არ გასცემდნენ. 

საბოლოოდ, ბერლინის ჰოსპიტალში ნავალნი 21 აგვისტოს გადაიყვანეს. გადაყვანიდან 3 დღის შემდეგ, 24 აგვისტოს კი გერმანელმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო. იგი ამ დრომდე კომაშია. 

მოწამვლის დადასტურების მიუხედავად, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება გამოძიებას "საფუძველის არარსებობის გამო" არ დაიწყებდა. 

პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ "პაციენტს ბერლინში გადაყვანამდე ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩაუტარდა არაერთი სამედიცინო გამოკვლევა, თუმცა მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა".

დღეს გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "ფედერალური ხელისუფლება განიხილავს, თუ რა იქნება ადეკვატური ერთობლივი პასუხი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით".

საპასუხო ნაბიჯებზე მოლაპარაკების მიზნით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობას შეხვდა. 


close დახურვა