logo
ENG



კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა უკრაინის ომის დაგმობის შემდეგ თანამდებობა დატოვა

18 მარ 202217:03
3 წუთის საკითხავი
 
კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა უკრაინის ომის დაგმობის შემდეგ თანამდებობა დატოვა
REUTERS/Maxim Shemetov

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, რომელიც უკრაინაში კრემლის ქმედებებს ეწინააღმდეგებოდა, ერთ-ერთი პრესტიჟული ფონდის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მას შემდეგ, რაც დეპუტატმა იგი "ეროვნულ ღალატში" დაადანაშაულა და მისი გადაყენება მოითხოვა.

არკადი დვორკოვიჩი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე იყო 2012-დან 2018 წლამდე. მან ამ კვირაში ამერიკულ მედიას განუცხადა, რომ "მისი ფიქრები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასთანაა".

"ომები ყველაზე ცუდი რამაა, რაც ადამიანს შეიძლება, შეემთხვეს ცხოვრებაში…, მათ შორის, ამ ომის ჩათვლით. ჩემი ფიქრები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასთანაა", - თქვა მან ინტერვიუს დროს. 

დვორკოვიჩის განცხადებების შემდეგ, მმართველი პარტიის მაღალჩინოსანმა დეპუტატმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა და დაადანაშაულა, რომ იგი "მეხუთე კოლონის შემადგენლობაშია, რომელიც ძირს უთხრის რუსეთს".

დვორკოვიჩი 2018 წლიდან იყო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის Skolkovo Foundation-ის თავმჯდომარე. ამასთან, იგი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ხელმძღვანელია.

ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ იგორ შუვალოვმა, განაცხადა, რომ დვორკოვიჩის თქმით, ის, ამ პირობებში, ვეღარ შეუთავსებს Skolkovo-ში თავის მოვალეობებს, ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელის მოვალეობებთან ერთად.

 


close დახურვა