საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში კრიტიკული ჟურნალისტების დევნა და შევიწროება ხდება. ამის შესახებ ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული.
როგორც TI-ში აღნიშნავენ, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებმა, მათ შორის მენეჯმენტის მიერ განხორციელებულმა დისკრიმინაციულმა და სადაო საკადრო გადაწყვეტილებებმა, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
ანგარიში ძირითადად 2019 წლის აპრილის თვიდან, მაუწყებლის იმჟამინდელი დირექტორის, ნათია კაპანაძის, იმპიჩმენტის შემდეგ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს მოიცავს. კვლევაში მიმოხილულია, თუ როგორ დაიწყო და განვითარდა კრიზისი ტელევიზიაში:
"საუბარია მმართველ პარტიასთან აფილირებული ხელმძღვანელობის მიერ უკანონოდ გათავისუფლებული ან შევიწროებული ათობით კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლის საქმეზე".
ძირითადი მიგნებების თანახმად, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, მისი საკადრო გადაწყვეტილებები მიმართული იყო არხზე კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების სამსახურიდან გაშვებისა და შევიწროებისკენ. მათ შორის არიან პროფკავშირების წევრები და თავმჯდომარე. განვითარებული პროცესები კრიტიკულად შეაფასეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველმა კი მოქმედი და ყოფილი რამდენიმე თანამშრომლის უფლებების დარღვევისა და ასევე დისკრიმინაციის ფაქტები დაადგინა. TI-ში, ამასთან, აღნიშნავენ, რომ მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა სათანადოდ არ რეაგირებს ტელევიზიაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე, ვერ უზრუნველყოფს მენეჯმენტის ეფექტურ კონტროლს.
ორგანიზაცია რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს:
- ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აჭარის ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით;
- აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა უნდა შეწყვიტოს კრიტიკული ჟურნალისტების შევიწროება, გათავისუფლება და უზრუნველყოს ყველა თანამშრომლის შრომითი უფლებების დაცვა და სარედაქციო საქმიანობის დამოუკიდებლობა;
- სასამართლომ დროულად უნდა განიხილოს ტელევიზიის თანამშრომლების დავები ტელევიზიის წინააღმდეგ და უზრუნველყოს მათი უფლებების ეფექტური დაცვა/აღდგენა;
- მრჩეველთა საბჭომ შეასრულოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, უზრუნველყოს მენეჯმენტის საქმიანობის ეფექტური კონტროლი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებს მენეჯმენტი/დირექტორი.