ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები დიდწილად ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, რაც მისივე თქმით, ბევრ პრობლემას ქმნის.
ეს განცხადება კუბილიუსმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, სადაც დეოლიგარქიზაციაზე და მისი შესრულების გზაზე ისაუბრა.
კუბილიუსის თქმით, იმის გამო, რომ არსებობს ინფორმაცია ივანიშვილსა და ზოგიერთ რუს ოლიგარქს შორის შესაძლო ურთიერთობების შესახებ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წამოჭრა საკითხი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
"ვფიქრობ საიდუმლო არაა, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე მოვლენები დიდწილად დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს ბიძინა ივანიშვილია. ასეთი ტენდენცია ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს და ბევრ წინააღმდეგობას უქმნის იმისთვის, რომ წინ წავიდეს და გახდეს ნორმალური, საშუალო ევროპული ქვეყანა. ვერცერთ ევროპულ, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ვერ ნახავთ ერთი, მდიდარი ადამიანის გავლენას, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური სტრუქტურა შექმნა. ასეთი წყობა და მოვლენების განვითარება არ არის და ვერც იქნება დემოკრატიის ისეთი ფორმა, რომელიც კოპენჰაგენის კრიტერიუმებს შეესაბამება.
სწორედ ასეთი გავლენისა და ასევე იმის გამო, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ზოგიერთ რუს ოლიგარქს შორის შესაძლოა არსებობდეს ურთიერთობა, ევროპარლამენტმა და მისმა რეზოლუციამ წამოჭრა საკითხი, ხომ არ უნდა დაედოს მას სანქცია ასეთი ქმედებებისთვის.
კიდევ ერთხელ, ამაში არაფერია განსაკუთრებული. სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკამ სანქციები დაადო ლატვიელ ოლიგარქს და რამდენიმე პირს ევროკავშირის შიგნით. სწორედ ესაა გზა, რითიც სხვა ქვეყნები ცდილობენ დაეხმარონ სამოქალაქო საზოგადოებას და ზოგადად, ერებს, სადაც ოლიგარქების მძიმე გავლენაა", - ამბობს კუბილიუსი.