ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ანდრიას კუბილიუსმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის გამო 8 მარტის შეთანხმება საფრთხის წინაშეა.
კუბილიუსი მოუწოდებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, რათა შეთანხმება შესრულდეს.
„მე ველაპარაკები ყველას, ყველა პოლიტიკურ პარტიას მმართველი პარტიის ჩათვლით. მახსოვს დისკუსია ბატონ თალაკვაძესთან შარშან დეკემბერში. იყო დაპირება პროპორციულ არჩევნებზე და სასამართლო სისტემის არაპოლიტიზირებულობაზე. მე ვუთხარი, რომ დადებითად შევაფასებდი და ასეც მოვიქეცი მარტში. ახლა ვხედავ, რომ მმართველი პარტიის გამო, ეს შეთანხმება საფრთხეშია და შეიძლება არ შესრულდეს. მოვუწოდებ მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც შეასრულონ მთავარი პუნქტები. მეტი პროპორციულობა არჩევნებში და რომ აღარ იყოს სასამართლოს პოლიტიზირება და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ეს ორი რამ უნდა შესრულდეს და ჩემი მთავარი გზავნილიც ეს იყო.
არსებობს ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა კონკრეტული სახელი და გვარები, რომელთა სამართლებრივ დევნასაც ახორციელებს ხელისუფლება. ჩვენ გვესმის, რომ ხდება საქმეების არასწორად წარმართვა და ესაა ჩვენი შეშფოთების საგანი. ამიტომ, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. მმართველმა პარტიამ უნდა დაამტკიცოს, რომ დემოკრატიის სიმწიფეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებობს საფრთხე, რომ დემოკრატიული პროცესებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ საერთაშორისო გაერთიანება ნდობას დაკარგავს. ამან შეიძლება დიდი პრობლემა შეუქმნას საქართველოს, რადგან დახმარებაში ჩაიდო პირობა. შესაძლოა, დადგეს შედეგი, როდესაც დახმარება დაიკარგება. მომავალ კვირას ევროპარლამენტში განვიხილავთ ანგარიშს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიის უკუსვლის ბევრი მტკიცებულების არსებობის გამო, ტექსტსში ტონი მკაფიოა. თუ ქვეყანა აკეთებს ბევრს, ის მეტს უნდა ელოდოს. თუ ქვეყანა უკუსვლას განიცდის მთავარი პრინციპების თვალსაზრისით, ის ევროკავშირისგან ნაკლებ დახმარებას მიიღებს. დახმარება ქვეყნებისთვის დამოკიდებულია რამდენად ბევრს აკეთებენ დემოკრატიის განვითრებისთვის. ეს უნდა გაიგოს საქართველომ. თუ ხელისუფლება შეცდომას დაუშვებს, მმართველი პარტია კი არა ქართველი ხალხი დაზარალდება“, - განაცხადა კუბილიუსმა.