უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ომის ველზე ბრძოლის ნაცვლად, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის.
"რუსული რაკეტების კიდევ ერთი პარტია მოხვდა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ომის ველზე ბრძოლის ნაცვლად, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის. ნუ გაამართლებთ ამ თავდასხმებს "პასუხის" მოწოდებით. რუსეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და უკრაინელების მოკვლის სურვილი," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 50-ზე მეტი რუსული რაკეტიდან უკრაინელმა დამცველებმა 44 ჩამოაგდეს. ამასთან, საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.