"ვლადიმერ პუტინის ამბიციები მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება, მისი გეგმები უფრო შორს მიდის და ისე შორს წავა, რამდენის უფლებასაც მისცემენ", - ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს 65 ქვეყნიდან მედიის 160-ზე მეტ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ ბრიფინგზე გააკეთა.
დმიტრო კულებამ გაიხსენა 2021 წლის ბოლოს რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი, რომელშიც მოსკოვი NATO-სგან 1997 წლის საზღვრებამდე დაბრუნებას მოითხოვდა.
"მე არ შემოვფარგლავდი პუტინის ამბიციებს მოლდოვით და საქართველოთი. მისი გეგმები გაცილებით შორს მიდის და ისე შორს წავა, რამდენის უფლებასაც მისცემენ. სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომ აღვკვეთოთ ვითარება, როდესაც ნატო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე რუს ჯარისკაცებთან იბრძოლებენ, არის უკრაინის დახმარება რუსეთის დასამარცხებლად, ჩვენს ტერიტორიაზე", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს ახლა უკრაინის დახმარების ფასი, ომის დაწყების ფასი გაცილებით მაღალია, მათ შორის, ადამიანური რესურსის დაკარგვით უკრაინა ახლა გაცილებით მეტ ფასს იხდის.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, მისი ამბიციები ახლო მეზობლებისგან გაცილებით შორს მიდის.
"ის არ ცნობს ბევრი სახელმწიფოს უფლებას, იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნები ასევე უნდა იყვნენ შეშფოთებულები", - დასძინა მან.