უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, კიევის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებაზე 12 ქვეყანასთან შეთანხმდნენ.
კულებას თქმითვე, ამ საკითხზე უკრაინელი დიპლომატები მუდმივ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პარტნიორებთან. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპული სამოქალაქო დაცვის მექანიზმისა და NATO-ს კრიზისზე რეაგირების ცენტრის ფარგლებში შესაბამისი მოთხოვნები განაახლა.
"ჩვენ უკვე შევთანხმდით აღჭურვილობის მიწოდებაზე 12 ქვეყნის მთავრობებისა და კომპანიებისგან: ისრაელი, ესპანეთი, იტალია, ლიეტუვა, გერმანია, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, კორეა, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და საფრანგეთი. საუბარია 954 ერთეულ ენერგეტიკულ აღჭურვილობაზე. დახმარების პირველი პარტიები უკვე უკრაინაშია, დანარჩენს კი უახლოეს მომავალში ველოდებით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორთა წრისა და მხარდაჭერის მოცულობის გასაზრდელად"- აღნიშნა კულებამ.