logo
ENG



კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

30 სექ 202312:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/30/jnid9scggadinxy.jpg

გუშინ, 29 სექტემბერს კულტურის სამინისტროში აკადემიურ საბჭოსა და ქართულ მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თავად კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, შეხვედრაზე კონსერვატორიისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა "იმ მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე იმსჯელეს, რომლითაც ახალი რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა და განიხილეს რექტორის მოახლოებული არჩევნებისთვის ამ ხარვეზის გამოსწორების ფორმები და გზები".

"შეთანხმდა, რომ კონსერვატორია იმსჯელებს ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის სტატუსზე და გონივრულ ვადაში წარმოადგენს დებულების ახალ ვერსიას დადგენილი სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით. სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს კონსერვატორიას რექტორის არჩევნების კანონის შესაბამისად მომზადებაში, რათა უმოკლეს ვადაში მოხერხდეს რექტორის არჩევნების ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად", - წერს სამინისტრო.

მათივე ცნობით, შეხვედრას უძღვებოდა მინისტრის მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, იოსებ ბაღათურია, ასევე, მას ესწრებოდა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიგა მირიანაშვილი. რაც შეეხება კონსერვატორიის წარმომადგენლობას, შეხვედრაზე იყვნენ აკადემიური საბჭოს წევრები, ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები და სხვები. ამასთან, უწყება წერს, რომ დისკუსიაში დისტანციურად მონაწილეობდა კონსერვატორიის ამჟამინდელი რექტორი, ნანა შარიქაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში არაა.

შეხვედრის შესახებ ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია თავად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, თუმცა, უნდა ითქვას, რომ 27 სექტემბრის განცხადებაში აკადემიურ საბჭო აღნიშნავდა, რომ რექტორის არჩევნების პროცესი კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით მიმდინარეობდა.

***

26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. მინისტრის ბრძანებით გაუქმდა არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება.
20 სექტემბერს მინისტრის საათზე კულტურის მინისტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში "რეფორმით" დაიმუქრა. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი "ხარვეზია" და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.

 

close დახურვა